130 წელი ბორის პასტერნაკის დაბადებიდან

130 წელი ბორის პასტერნაკის დაბადებიდან

ლიტერატურა

1890 წლის 10 თებერვალს დაიბადა ბორის პასტერნაკი, რუსი პროზაიკოსი, პოეტი, მთარგმნელი და მემუარისტი.

იგი ბუნებით იყო გულუხვი ნიჭით დაჯილდოებული. ბავშვობიდანვე მისი ჰობი იყო პოეზია, ხატვა და მუსიკა. პასტერნაკი აღზარდეს მოსკოვის ცნობილ ოჯახში. პოეტის მამა ლეონიდ პასტერნაკი იყო ფერწერის აკადემიკოსი, ხოლო მისი დედა, როზა კაუფმანი, კი ცნობილი პიანისტი. პოეტის დედამ საკუთარ სახლში მოაწყო ლიტერატურული და სამხატვრო სალონი, სადაც სტუმრობდნენ ისეთი ცნობილი პიროვნებები როგორებიც იყვნენ: რახმანინოვი, რილკე, ტოლსტოი და სეროვი.

პასტერნაკმა ლიტერატურის შესწავლა 22 წლის ასაკში დაიწყო. იმ დროისათვის პოეტმა უკვე დაამთავრა უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტის ფილოსოფიური განყოფილება.

1914 წელს პოეტმა დაასრულა პირველი წიგნი "ტყუპი ღრუბლებში", ხოლო სამი წლის შემდეგ მეორე "ბარიერთა ზემოთ".

პოეტი კარგად იცნობდა მაიაკოვსკის, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო მისი მეგობარი და ლიტერატურული კონკურენტი. პოეტი ასევე სიმპათიით უყურებდა და ოდნავ ჰბაძავდა ბლოკს.

პასტერნაკის ლექსები განსაკუთრებულია გამოსახულებებით, საკმაოდ რთული ენით და სავსეა სხვადასხვა ასოციაციით. ამის მიუხედავად, მის ლექსებში ყოველთვის არის აღქმისა და შინაგანი დინამიზმის ახალი მხარე. შემთხვევითი არ არის, რომ პოეტმა მარინა ცვეტაევამ პასტერნაკის პოეზიას "მსუბუქი წვიმა" უწოდა.

1930 წლის ოქტომბერში პასტერნაკი შეხვდა ქართველ პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს პაოლო იაშვილს, რომელიც მოსკოვში იმყოფებოდა. 1931 წლის ივლისში, პაოლო იაშვილის მიწვევით, ბორის პასტერნაკი გაემგზავრა ტიფლისში, სადაც ახლოს გაიცნო ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, სიმონ ჩიქოვანი და გიორგი ლეონიძე. ამ დროიდან 50-იანი წლების მიწურულამდე პასტერნაკმა თარგმნა ვაჟა-ფშაველას „გველის მჭამელი“, ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზია მთლიანად, აკაკი წერეთლის ლირიკა, ტიციან ტაბიძის, პაოლო იაშვილისა და სხვა პოეტების ლექსები.საქართველომ, მისმა კულტურამ და ტრადიციებმა დიდი შთაბეჭდილება დატოვეს პოეტზე და შთააგონეს 1932 წლის აპრილში ქართული პოეზიის ლიტერატურული საღამოს ორგანიზება.

მწერლის ცხოვრება რთულად ვითარდებოდა. მასზე საუბრობდნენ როგორც წამყვანი საბჭოთა პოეტის შესახებ, მაგრამ ამის მიუხედავად, რვა წლის განმავლობაში პოეტი არ ბეჭდავდა ორიგინალურ ნამუშევრებს, არამედ დაკავებული იყო გერმანული, ინგლისური და ფრანგული კლასიკოსების მიერ დაწერილი ნამუშევრების თარგმნით. პასტერნაკისეული შექსპირის ტრაგედიების თარგმანები საუკეთესოდ ითვლება.

1957 წელს პასტერნაკმა იტალიაში გამოაქვეყნა თავისი ცნობილი რომანი «ექიმი ჟივაგო». 1958 წლის ბოლოს კი რომანი ითარგმნა 18 ენაზე. პასტერნაკს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში. ეს ფასეული ჯილდო გახდა პოეტის უდიდესი ნიჭის აღიარება.

ავტორი:
ქრისტინე რესტაკიანი
10.02.2020